როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მსოფლიოს ლიდერ კომპანია Microsoft-თან მემორანდუმის გაფორმებით საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ქვეყანაში თანამედროვე და ცივილიზებული ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ.
„არავისთვის დასამალი არ არის, რომ საქართველო წლების განმავლობაში ავტორიზაციის გარეშე მოიხმარდა პროგრამულ უზრუნველყოფას. შეიძლება ითქვას, რომ სამწუხაროდ პროგრამული უზრუნველყოფის კოპირების კუთხით ჩვენ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. 2010 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 95 პროცენტს. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ მართლაც საგანგაშო სიტუაციის გამოსწორება. ამიტომაც, დღეს ვაფორმებთ მემორანდუმს Microsoft-თან უახლესი პროდუქტების სათანადო ლიცენზირების შესახებ. განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ჩვენ ვიქნებით პირველები პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვისაც ექნება Microsoft-ის სრულყოფილი ლეგალური ლიცენზირებული პროგრამები. ამ ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ სახელმწიფო დაწესებულებები, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაწესებულებების საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების უსაფრთხოება, მათი გაფართოება და ეფექტიანობა. ამასთან ერთად, ყველა საჯარო მოხელეს ექნება Microsoft-ის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ნაბიჯით საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დასავლური სტანდარტები მკვიდრდება.
„ჩვენ ველოდებით, რომ პროგრამული უზრუნველყოფის სათანადო ლიცენზირება და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას, ბიზნესს. როდესაც რეალურად იქნება დაცული ინტელექტუალური საკუთრება, ამას მოჰყვება საინფორმაციო ტექნოლოგიების დინამიკური ეკოსისტემის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიების განვითარებას. ინტელექტუალური საკუთრების რეალურად დაცვა მეტ შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ ბიზნესს,რომ გავიდეს საერთაშორისო ბაზრებზე, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ დღეს ბევრი ქვეყნისთვის ამ ავტორიზაციის გარეშე პროგრამული უზრუნველყოფის კოპირება არასამართლიან კონკურენციასთან არის გაიგივებული“, - აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის განმარტებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების ეკონომიკური სეგმენტის განვითარებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ ზოგადად ეკონომიკური ინოვაციების დამკვიდრების ტემპიც გაიზრდება. ამასთან ერთად პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზრდება და ახალი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
„შესაბამისად, ეს წაახალისებს ჩვენს მოქალაქეებს, მეტ ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი, დაეუფლოს საინფორმაციო ტექნოლოგიებს და გახდეს ამ დარგის სპეციალისტი. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ თავიდან ავიცილებთ იმ სამწუხარო რეალობას, რომ ჩვენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უცხოეთში მიდიან სამუშაოდ და იქ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას. ნაცვლად ამისა, მათ ეძლევათ შესაძლებლობა სარგებელი მოუტანონ საკუთარ ქვეყანას და მას მოახმარონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. ყოველივე ამასთან ერთად, ამ მემორანდუმის გაფორმება წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნების შესაბამისად ინტელექტუალური საკუთრების დაცვით დაიწყება ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყანისათვის.ძვირფასო მეგობრებო, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ Microsoft არის მსოფლიოს ლიდერი კომპანია და მასთან ურთიერთობა მეტად საპატიოა ჩვენთვის. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ თანამშრომლობას, რომელიც, მე მჯერა, აუცილებლად იქნება ნაყოფიერი და წარმატებული. ჩვენ ასევე, ვაპირებთ, რომ შემოვიღოთ საჭირო რეგულაციები და კანონები, რათა თავიდან ავიცილოთ ქვეყანაში ავტორიზაციის გარეშე კოპირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.