აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ ის მზადაა ყველა ელექტრონული შეტყობინება, რაც მას სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნის დროს მიუღია, გაასაჯაროვოს. ამის შესახებ თავად კლინტონმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
"მე ვთხოვე მთავრობას ჩემი ელექტრონული შეტყობინებები გაასაჯაროვოს. მათ მითხრეს, რომ ამ საკითხს რაც შეიძლება მალე განიხილავენ", - წერს ჰილარი კლინტონი.
ყოფილ სახელმწიფო მდივანს ამ პოსტზე ყოფნის დროს პირადი ინტერნეტ-სერვერი და ელექტრონული მისამართი ჰქონდა და არ იყენებდა სამთავრობო ელექტრონულ მისამართს, რაც შესაძლოა, ფედერალური კანონის დარღვევა იყოს. ეს ფაქტი მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც კონგრესის საგამოძიებო კომიტეტმა 2012 წელს ლიბიის ქალაქ ბენგაზიში აშშ-ის საელჩოზე მომხდარი თავდასხმის გამოძიების მიზნით, კლინტონის ელექტრონული მიმოწერები მოითხოვა.