აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის გაგზავნას დე ფაქტო ემბარგო დაადო. ამის შესახებ "ამერიკის ხმის" ცნობით, ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, კრის სმიტმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"იარაღის გადაცემის გადადება არის მარცხი. დე ფაქტო ემბარგო დაედო უკრაინაში თავდაცვითი იარაღის გაგზავნას. მე და ბევრ სხვას, ეს ბალკანეთის ომს გვახსენებს, როდესაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ბოსნიელებს და ხორვატებს არ ჰქონოდათ შესაძლებლობა დაეცვათ საკუთარი თავი მილოშევიჩის აგრესიისგან. ახლა კი იგივე პოლიტიკის გამეორებას ვხედავთ ჩვენი მეგობარი და მოკავშირე უკრაინის მიმართ", - განაცხადა სმიტმა.
კონგრესმენმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელებს სჭირდებათ თავდაცვითი იარაღი სასწრაფოდ. მისივე თქმით, უკრაინელებისთვის იარაღზე უარის თქმის პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ობამას ეკუთვნის. კიევის სამხედრო იარაღით მომარაგების შესახებ აშშ-ში ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ, თუმცა, ობამას ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავს იკავებს.