რიგის სამიტზე გასაკეთებელი პოლიტიკური მესიჯები ყურადღებით უნდა მომზადდეს, - ამის შესახებ ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ასევე უკრაინისა და საქართველოსათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე გააკეთა კომენტარი.
"შეფასება გაკეთდება ტექნიკური შეფასების საფუძველზე. თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს ევროკომისიამ, შემდეგ კი - ევროპულმა საბჭომ. ჩვენ დავიწყებთ რიგის სამიტის პერსპექტივების განხილვას ევროკომისრების ჯგუფთან ერთად. შემდეგ კი, იქნება პარასკევსა და შაბათს თავად რიგაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს მიმდინარე ტექნიკური შეფასების პროცესი, რის შემდეგაც გვექნება მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილება, სამიტზე გასაკეთებელი პოლიტიკური მესიჯები, რაც ყურადღებით უნდა მომზადდეს, ვინაიდან ეს ჩვენს ისტორიაში რთული და კრიტიკული პერიოდია", - აღნიშნა მოგერინიმ.
მანამდე კი ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოში ვითარების შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება. "ამ დროისთვის საქართველოში მიმდინარეობს კვლევა, ვნახოთ რა შედეგები იქნება, რომლის მიხედვითაც შევძლებთ თუ არა ჩვენ ევროკომისიის სახელით დადებითი შეფასების გაკეთებას. ამის შემდეგ კი როგორც იცით, საჭიროა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს მოსაზრებების და გადაწყვეტილების მოსმენა. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, იგივე შეიძლება ითქვას უკრაინაზეც", - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი 2015 წლის მაისისთვის არის დაგეგმილი. წინასწარი ინფრომაციით, სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზა ლიბერლიზაციის საკითხი იქნება განხილული.