მარკ გრიფითსი - მცოცავი კურსის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციები მიზანშეწონილი არ არის

მარკ გრიფითსი - მცოცავი კურსის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციები მიზანშეწონილი არ არის

გაცვლითი კურსის მცოცავ რეჟიმში არსებობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციები მიზანშეწონილი არ არის, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე - როგორ შეაფასებდა ბოლოდრიონდელ გამონათქვამებსა და ბრალდებებს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისამართით გაისმა, მარკ გრიფითსის თქმით, მას "ეროვნული ბანკის კორუმპირებულობასთან დაკავშირებით გამონათქვამები არ სმენია". 

"მინდა ვთქვა, რომ აუცილებელია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პატივისცემა. ისინი ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. მცოცავ რეჟიმში უნდა არსებობდეს გაცვლითი კურსი. ეს დრო არ არის საუკეთესოდ მორგებული იმისთვის, რომ სხვადასხვა უწყებამ ცალ-ცალკე ფრონტზე განახორციელოს მუშაობა. მე მგონი, დრო მოვიდა იმის, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი გაერთიანდეს და ერთიანი ძალისხმევით გადაჭრან არსებული პრობლემები", - განაცხადა გრიფითსმა. 

კითხვაზე - როგორც შეაფასებდა იგი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი დებატები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთშიც ხდება, ოღონდ ეს არის პრივატულ რეჟიმში და არ გამოდის საჯაროდ.

"რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კომენტარს იმის თაობაზე, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნაკლები მოქმედების, ან არადროული მოქმედების გამო იწვევდა ქვეყანაში არსებულ პრობლემას, ამის თაობაზე შემიძლია ვთქვა, რომ დებატები ნიბისმიერ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეტში მსგავსი დებატები ხდება, ოღონდ ეს არის პრივატულ რეჟიმში და არ გამოდის საჯაროდ. საჯარო დიკუსიები ვნებს ქვეყნის იმიჯს. აქედან გამომდინარე, მოვწოდებ ხელისუფლებას, რომ ერთად იმუშაონ, დებატები გამართონ და ეს საკითხები ერთობლივი ძალისხმევით დაძლიონ", - განაცხადა გრიფითსმა.

მარკ გრიფითსმა იმ შეკითხვასაც უპასუხა, რომლის თანახმადაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ კორუფციაში იქნა დადანაშაულებული. "მე ერთი რამ მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ეს განცხადება არის აბსოლუტურად მცდარი, საფუძველს მოკლებული და არ მესმის რატომ ხდება ამ განცხადების ტირაჟირება და ასე ხშირად ციტირება", - აღნიშნა გრიფითსმა.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ხარჯვას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის თქმით, "ქვეყანაში, სადაც ხდება სავალუტო რეზერვების გაყიდვა, იქ საპროცენტო განაკვეთებიც იმატებს და ეკონომიკური შენელება მაინც სახეზეა".

"სხვა ქვეყნებში, სადაც მოხდა რეზერვების ხარჯვა კურსის დარეგულირების მიზნით, ამას სავალალო შედეგები ჰქონია, რადგან ეს არ არის მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა. ქვეყანაში, სადაც ხდება სავალუტო რეზერვების გაყიდვა, იქ საპროცენტო განაკვეთებიც იმატებს და ეკონომიკური შენელება მაინც სახეზეა. აქედან გამოდინარე, ქვეყანა აკეთებს თავის არჩევანს, მაგრამ გაცვლითი კურსის მცოცავ რეჟიმში არსებობის შემთხვევაში, ასეთი ინტერვენციები მიზანშეწონილი არ არის", - განაცხადა გრიფითსმა.