არის მრავალი საქმე, რომელიც შეიძლება, ნაკლები ფინანსური დანახარჯით მოგვარდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა, რითაც მედიის შეკითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა სახელმწიფოს ფინანსური რესურსი წინა ხელისუფლების პირობებში დაზარალებულთა კომპენსაცია მოახდინოს.
როგორც წულუკიანმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არაერთი ქონება, რომლის ჩამორთმევაც წლების წინ უკანონოდ მოხდა, ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია.
"მინდა მივესალმო იმას, რომ პროკურატურამ შექმნა ეს დეპარტამენტი. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მოქალაქისთვის სამართლიანობა უკვე აღდგა, ეს არ არის საკმარისი. საჭირო იყო სპეციალური ორგანოს არსებობა, რომ ეს საქმე მივიდეს ბოლომდე და დაუსჯელობის სინდრომი არა მხოლოდ აღმოიფხვრას, არამედ არასდროს არც ერთი ხელისუფლების პირობებში განმეორდეს მსგავსი რამ. ასე რომ, მინდა წარმატება ვუსურვო ამ დეპარტამენტს. რაც შეეხება დახარისხებულ საქმეებს, იკვეთება ერთი მარტივი რამ, რომ როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, ხდებოდა სახელმწიფოს ხელით ქონების ჩამორთმევა, რასთან დაკავშირებითაც რამდენიმე ასეული საქმე არსებობს. თუმცა მეორე მხრივ, კარგია ის, რომ არაერთი ქონება, თუ არა უმრავლესობა, ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია და ეკონომიკის სამინისტრო იმუშავებს იმისთვის, რომ დაზარალებულებს უფლებები პირველ რიგში ამ ნაწილში აღუდგეს. საქმეების დახარისხება აჩვენებს, რომ არის მრავალი საქმე, რომელიც შეიძლება იყოს ნაკლები ფინანსური დანახარჯით მოგვარებული. ვგულისხმობ, სწორედ ამ ტიპის საქმეებს, რომელიც ეხება უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება განაჩენების გადახედვას, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ამ მიმართულებითაც ასეულობით საქმე არსებობს და ათასამდე განაჩენია გადასახედი.
"ათასამდე განაჩენია გადასახედი, თუმცა მათზე ჯერ გამოძიება უნდა ჩატარდეს, რათა დადგინდეს იყო თუ არა განაჩენი უკანონო და ხომ არ ჰქონდა ადგილი მტკიცებულების მოპოვებას ზეწოლის, მუქარის, ცუდად მოპყრობის და წამების შედეგად. ასე, რომ დიდი სამუშაოა ჩატარებული და საზოგადოება, მოქალაქეები ამ დეპარტამენტს გვერდით უნდა დაუდგნენ, იმისთვის, რომ წარმატებული შედეგი დადგეს", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.