„იმ შემთხვევაში, სადაც ქონება არ არსებობს, სახელმწიფო მის ხელთ არსებულ სხვა მექანიზმებს გამოიყენებს“

„იმ შემთხვევაში, სადაც ქონება არ არსებობს, სახელმწიფო მის ხელთ არსებულ სხვა მექანიზმებს გამოიყენებს“

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებზე, პროკურატურამ მის უწყებასთან ერთად, წინასწარი მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.

კვირიკაშვილის განმარტებით, პროკურატურამ და ეკონომიკის სამინისტრომ წინასწარ შეაფასეს ის სურათი, რაც ქვეყანაში ამ კუთხით არსებობს.

მისივე თქმით, იქ, სადაც არსებობდა ეჭვები, რომ ქონება ჩამორთმეული იყო, სახელმწიფომ მისი გასხვისება და პრივატიზაცია შეაჩერა.

„ჩვენ ამ 2 წლის განმავლობაში არ შევხებივართ იმ ქონებას და საპრივატიზაციოდ არ გამოგვიტანია, სადაც წართმევის ეჭვები არსებობდა. თუ გამოძიების შედეგად დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა კანონიერი ქონების ჩამორთმევის ფაქტებს, რა თქმა უნდა, მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს და ქონება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება. იმ შემთხვევაში კი, სადაც ქონება არ არსებობს, სახელმწიფოს სხვადასხვა მექანიზმები აქვს, ისეთი, როგორიცაა სხვა ქონებით ჩანაცვლების, ობლიგაცების მექანიზმები, მაგრამ ის, რომ ამ მიმართულებით სამართლიანობა აღდგენილი უნდა იქნას, მგონი კითხვები არ უნდა არსებობდეს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაცია „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. ღონისძიებას მთავარი პროკურორი, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

ახალ დეპარტამენტს პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს, მისი მოადგილე კი კოკა კაციტაძე იქნება.