2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2015 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში საერთო ჯამში 52 530 საჩივარ-განცხადება შევიდა, - ამის შესახებ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" აღნიშნული დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული საჩივარ-განცხადებებიდან 10 379 საჩივარ-განცხადებაში დაზარალებულები უშუალოდ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.
"პროკურატურაში შემოსული განცხადებების დახარისხების პროცესში გამოიკვეთა, რომ 697 ერთეული შეეხება ქონება ჩამორთმევის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც დაზარალებულები გამოძიების დაწყებას მოითხოვენ, 3 495 საჩივარ-განცხადების შემთხვევაში დაზარალებულები აღწერენ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებისა და სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო ყველა სხვა კატეგორიის დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით შემოსულია 6 187 საჩივარ-განცხადება. მეტი თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ აღნიშნული საჩივრები უკავშირდება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა ქურდობა-თაღლითობა და ამ ტიპის დანაშაულები", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაცია იმართება, რომელსაც მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრება.