„სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ახალი დეპარტამენტის შექმნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის და მთავარი პროკურატურის აქტიური თანამშრომლობის შედეგად არის მიღებული", -ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა აღნიშნული დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა. გიორგი ბადაშვილის თქმით, დეპარტამენტი იქნება სწრაფი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება სამართალწარმოების მიმდინარეობისას და სასჯელის მოხდის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე.
„სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება განაპირობა მოქალაქეთა მიერ პროკურატურის სისტემაში განცხადებების სიმრავლემ და შინაარსობრივმა ერთგვაროვნებამ. სწორედ განცხადებების სიმრავლის გამო, სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების გასაუმჯობესებლად, ცალკეულ ფაქტებზე სწრაფი რეაგირებისა და ორგანიზაციული ხარისხის ასამაღებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შემცველ ფაქტებზე სამართალწარმოება გააგრძელოს სწორედ სპეციალიზირებულმა დეპარტამენტმა", - განაცხადა ბადაშვილმა.
მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს ცალკეული საქმეების გადაცემა დეპარტამენტისთვის.
„ასევე, მინდა, შევეხო იმ ძირითად მიმართულებას, რომელზეც იმუშავებს აღნიშნული დეპარტამენტი. პროკურატურაში გაწეული მუშაობის შედეგად, მოხდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე შემოტანილი განცხადებების შესწავლა და სისტემატიზაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ განცხადებების და ცალკეული განცხადებების საფუძველზე უკვე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების გადაცემა ახალი დეპარტამენტისთვის. გამოძიების მიმდინარეობისას მაქსიმალურად იქნება დაცული სამართლიანობის პრინციპი, დეტალურად იქნება შესწავლილი განცხადებაში მითითებული ფაქტები, მათ შორის სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქცეული ქონების წარმომავლობის საკითხები და დაცული იქნება როგორც განმცხადებლის, ისევე მოხელის უფლებები და კანონიერი ინტერესები", - აღნიშნა ბადაშვილმა.