სამართლებრივი შეღავათები გაეწევათ იმ პირებს, რომლებიც ითანამშრომლებენ გამოძიებასთან

სამართლებრივი შეღავათები გაეწევათ იმ პირებს, რომლებიც ითანამშრომლებენ გამოძიებასთან

„მივესალმები, რომ ასეთი საქმეებისადმი დეპარტამენტში დაინიშნებიან დაზარალებულთა კოორდინატორები, რომლებიც დაზარალებულ პირებს მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ", - ეს განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. პრემიერის განცხადებით, შესწავლილი იქნება საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულებები.

„მინდა, აღვნიშნო, საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებს, რომლებმაც შესაძლოა გადაამეტეს უფლებებს, მაგრამ არ აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა. მინდა გითხრათ, რომ ალბათ, მთავარ აქცენტს გამოძიება გააკეთებს დანაშაულის ინიციატორსა და ორგანიზატორზე. საქართველოს მთავარ პროკურატურაში უკვე შეიქმნა სამართალწარმოებაში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ეს არის სახელმწიფოს მიერ ქონებების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები. შესწავლილი იქნება ციხეებში ჩადენილი დანაშაულებები, სხვა საჯარო მოხელეთა ჩადენილი დანაშაულებები. შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში, მთავარი პროკურატურა გააგრძელებს სისხლის სამართლებრივ დევნას. მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი შეღავათები გაეწევათ იმ პირებს, რომლებიც ითანამშრომლებენ გამოძიებასთან.

გამოვთქვამ იმედს, რომ პროკურატურაში შექმნილი ახალი სტრუქტურა თავს გაართმევს ამ ურთულეს ამოცანას და რამდენადაც შესაძლებელი იქნება, უმოკლეს ვადაში კვალიფიციურად გამოიძიებს და პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რომელიც აღელვებს საზოგადოებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.