მთავარ პროკურატურაში ახალ დეპარტამენტს ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს

მთავარ პროკურატურაში ახალ დეპარტამენტს ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ახალ დეპარტამენტს ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო მის მოადგილედ კოკა კაციტაძე დაინიშნა.

როგორც საქართველოს მთავარმა პროკურორმა, გიორგი ბადაშვილმა აღნიშნული დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ დეპარტამენტში დასაქმებულ კადრებზე საჩივარი არასდროს შესულა არც ერთ სამართალდამცველ უწყებაში.

"მინდა, ყურადღება გავამახვილო საკადრო გადაწყვეტილებებზე, რომლითაც დაკომპლექტდა აღნიშნული დეპარტამენტი. გათვალისწინებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ამ საკითხს მივუდექით მაქსიმალური სიფრთხილით. თანამდებობები დაიკავეს მაღალი პროფესიონალური უნარ-ჩვენების მქონე პროკურორებმა და გამომძიებლებმა, ასევე ჩართული არიან დაზარალებულთა კოორდინატორები. დეპარტამენტში დასაქმებულ კადრებს სამართალწარმოების პროცესში და იმ პროცესებთან, რაზეც არსებობს განცხადებები და კითხვები ან პრეტენზიები, არ ქონიათ არანაირი შეხება. მათზე, საქართველოს პროკურატურაში ან სხვა სამართალდამცველ უწყებაში არანაირი განცხადება და საჩივარი შემოსული არ არის. დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა ირაკლი ნადარეიშვილი ხოლო მის მოადგილედ პროკურორი კოკა კაციტაძე", - განახცადა ბადაშვილმა.

მისივე თქმით, დეპარტამენტის შექმნის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის და მთავარი პროკურატურის აქტიური თანამშრომლობის შედეგად არის მიღებული. ბადაშვილის განცხადებით, დეპარტამენტი იქნება სწრაფი და ეფექტური მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა სამართალწარმოების მიმდინარეობისას და სასჯელის მოხდის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაზე.

"სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულის ჩამოყალიბება განაპირობა მოქალაქეთა მიერ პროკურატურის სისტემაში განცხადებების სიმრავლემ და შინაარსობრივმა ერთგვაროვნებამ. სწორედ განცხადებების სიმრავლის გამო, სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების გასაუმჯობესებლად, ცალკეულ ფაქტებზე სწრაფი რეაგირებისა და ორგანიზაციული ხარისხის ასამაღებლად მივიღეთ გადაწყვეტილება საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შემცველ ფაქტებზე სამართალწარმოება გააგრძელოს სწორედ სპეციალიზირებულმა დეპარტამენტმა", - განაცხადა ბადაშვილმა.

მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს ცალკეული საქმეების გადაცემა დეპარტამენტისთვის.

"ასევე, მინდა შევეხო იმ ძირითად მიმართულებას, რომელზეც იმუშავებს აღნიშნული დეპარტამენტი. პროკურატურაში გაწეული მუშაობის შედეგად, მოხდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე შემოტანილი განცხადებების შესწავლა და სისტემატიზაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ განცხადებების და ცალკეული განცხადებების საფუძველზე უკვე დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების გადაცემა ახალი დეპარტამენტისთვის. გამოძიების მიმდინარეობისას მაქსიმალურად იქნება დაცული სამართლიანობის პრინციპი, დეტალურად იქნება შესწავლილი და განცხადებაში განცხადებაში მითითებული ფაქტები, მათ შორის სახელმწიფოს სასარგებლოდ მოქცეული ქონების წარმომავლობის საკIთხები და დაცული იქნება როგორც განმცხადებლის, ისევე მოხელის უფლებები და კანონიერი ინტერესები", - აღნიშნა ბადაშვილმა.

მისივე თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომრბიდან შესულ განცხადებებზე უკვე განხორციელებული რეაგირირების სამართლებრივი შედეგები იყო, რომ განხორციელდა მოხელეთა და მასთან გათანაბრებული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. მისივე თქმით, ეს რიცხვი არის საკმაოდ შთამბეჭდავი.