სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა:
„ორ წელზე მეტი დრო არის გასული, რაც „ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ჩვენმა ხალხმა. დარჩა იარები, რომლებსაც სჭირდება მოშუშება. იარა ვერ მოშუშდება, სანამ თავისი სახელი არ დაერქმება ყველა დანაშაულს. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს ჩვენ და ჩვენს ხალხს. ჩვენი ხალხი წლების განმავლობაში იყო დამცირებული, შეურაცხყოფილი, ბევრ მათგანს ჩამოართვეს ქონება, გააკოტრეს, ბევრი ციხეში მოხვდა, არაადამიანურ პირობებში. დღეს ეს ადამიანები მოთმინებით ელიან პასუხს. გვაქვს უამრავი დოკუმენტი, არსებობს მტკიცებულებები, წინა ხელისუფლებაში როგორ იყენებდნენ დაკავებას და წამებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, მათი ქონების კონფისკაციისთვის. მინდა, შევახსენო ყველას, რომ სააკაშვილის რეჟიმმა გაასამართლა 300 ათასი ადამიანი. ეს არის უზარმაზარი ციფრი. ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან. აღარაფერს ვამბობ მორალზე. ამ ადამიანების დარღვეული უფლებების აღსადგენად ძალ-ღონეს არ ვიშურებთ. ჩვენ ყველას კარგად გვესმის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც ამ ადამიანების წინაშე გვაკისრია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.