ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს მოუწოდა, არ ენდოს ირანს

ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს მოუწოდა, არ ენდოს ირანს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს კონგრესში გამოსვლისას შეერთებულ შტატებს მოუწოდა, არ ენდოს ირანს. 

ნეთანიაჰუს თქმით, დღევანდელი ირანი საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო ისრაელისთვის, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის. "ყველაზე დიდი საფრთხე ამ მსოფლიოში რადიკალური ისლამისა და ატომური იარაღის ერთობაა. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ირანის წინააღმდეგ სანქციები შეინარჩუნოს, სანამ თეირანი აგრესიულ პოლიტიკას არ შეაჩერებს.

"ცუდ გარიგებას სჯობს, არანაირი გარიგება არ შედგეს. ირანი ყოველთვის აშშ-ს მტერი იქნება და "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა მათ მეგობრებად ვერ აქცევს", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მთელ მსოფლიოს ძალისხმევის გაერთიანებისკენ მოუწოდა, რათა შეაჩერონ ირანის სვლა ტერორისა და განადგურების იარაღის მოპოვებისკენ.

ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლას კონგრესში აპლოდისმენტებით შეხვდნენ, თუმცა ბევრი კონგრესმენი "დემოკრატებიდან" სხდომას არ დასწრებია.