საერთოდ არ ვართ დაინტერესებულნი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დამანგრეველი ომით, სადაც ნატო და რუსეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილიმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან თავის გამოსვლაში საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და არსებულ ვითარებაზე, ასევე, რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნატოს წევრობა, ნიშნავს საქართველოში ომის დასრულებას და არა ომის დაწყებას რუსეთთან.
"ჩვენ არ გვინდა რუსეთთან ომში ჩავითრიოთ ნატოს წევრი ქვეყნები და საერთოდ არ ვართ დაინტერესებულნი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დამანგრეველი ომით, სადაც ნატო და რუსეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. არა, ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ გაკვეთილებს ისტორიიდან და ვერ ვიხსენებთ ვერც ერთ ომს ნატოსა და რუსეთს, ან ნატოსა და საბჭოთა კავშირს შორის. ასე რომ, ნატო პრევენციული მექანიზმია და ის ქვეყნები, რომლებიც ნატოს წევრები არიან, საკუთარ თავებს იცავენ და რუსეთს ან საბჭოთა კავშირს არ შეეძლო მათზე შეტევა განეხორციელებინა. ასე რომ, როდესაც ჩვენ გვინდა ნატოს წევრობა, ეს ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში ომის დასრულებას და არა ომის დაწყებას რუსეთთან", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.