სააკაშვილმა ბრძანება გასცა, მოაწყვეთ მეორე „მაიდანი“, აცემინეთ თავი, თუ საჭირო იქნება, მოაკვლევინეთ კიდეცო

სააკაშვილმა ბრძანება გასცა, მოაწყვეთ მეორე „მაიდანი“, აცემინეთ თავი, თუ საჭირო იქნება, მოაკვლევინეთ კიდეცო

გაზეთ „კვირის ქრონიკის" ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პარტიის ლიდერებმა 28 თებერვალს დახურული სხდომა გამართეს. გაზეთი ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე 21 მარტს დაანონსებილი აქცია და მისი დაფინანსების საკითხი განიხილეს.

გამოცემის ცნობით, სხდომაზე ასევე ისაუბრეს, თუ რამდენი ათასი კაცი უნდა გაიყვანონ რუსთაველზე და როგორ განვითარდება მოვლენები შემდეგ. გაზეთის ინფორმაციით, „ნაციონალების" გენერალური გეგმა 21 მარტს ქუჩაში მინიმუმ 50 ათასი კაცის გამოყვანაა.

გამოცემის ინფორმაციით, ამ აქციებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აფინანსებენ.

„ფული მათი გარეთ დარჩენილი ბიზნესმენებიდან წამოვა და როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამ მხრივ პრობლემა არ იქნება. ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან თავიანთი ადვოკატების მეშვეობით კონტაქტობენ. ვანოს შემოუთვლია, ფული იქნება, არ დაზოგოთ, ოღონდ ეს ხელისუფლება მოვიშოროთო", - წერს „კვირის ქრონიკა".

გაზეთში ასევე აღნიშნულია, რომ კიევში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეორე „მაიდნის" მოწყობის ბრძანება გასცა.

„მოაწყვეთ მეორე „მაიდანი", გამოიწვიეთ ქაოსი, დაარბევინეთ და აცემინეთ თავი, თუ საჭირო იქნება, მოატ...ვნევინეთ და მოაკვლევინეთ კიდეც. ფული და მხარდაჭერა იქნება", - გაზეთის ინფორმაციით, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.