თამარ კორძაიას შესაძლოა, ფრაქცია დაატოვებინონ

თამარ კორძაიას შესაძლოა, ფრაქცია დაატოვებინონ

საპარლამენტო ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" თამარ კორძაიას შესაძლოა, ფრაქციის დატოვება მოსთხოვოს. პარლამენტში არსებული ინფორმაციით, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები ფრაქციის დახურულ სხდომებზე არ მალავენ, რომ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით კორძაიას პოლიტიკური შეფასებები და პოზიცია არ მოსწონთ და განსხვავებული ხედვების გამო მისი ადგილი "სხვა ფრაქციაშია". "სხვა ფრაქციაში" კი, "რესპუბლიკელები" იგულისხმება.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, ფრაქციის თავმჯდომარე გია ვოსკლიმ თანაფრაქციელებთან შეხვედრისას ღიად დააფიქსირა, რომ კორძაიას ფრაქციის დატოვებაზე დაელაპარაკება.

აღნიშნულს გია ვოლსკი კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ "ამ თემაზე ლაპარაკი არ არის".

თამარ კორძაიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ მასთან აღნიშნულ საკითხზე არავის უსაუბრია და "კომენტარს ვერ გააკეთებს იმაზე, რაც არ იცის".