2014 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 7 493 724 ლარის შემოწირულება მიიღეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი შემოწირულება კოალიცია "ქართული ოცნების" სასარგებლოდ განხორციელდა. პარტიის ანგარიშზე გასული წლის განმავლობაში შემოწირულების სახით 6 157 751 ლარი დაირიცხა.
შემოწირულების რაოდენობის თვალსაზრისით, პოლიტიკურ გაერთიანებებსა და პარტიებს შორის, მეორე ადგილი უკავია "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას". ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურმა გაერთიანებამ შემოწირულების სახით 2014 წელს 342 053 ლარი მიიღო.
მესამე ადგილზე 299 819 ლარით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა". პარტიათა ხუთეულში მეოთხე-მეხუთე ადგილებს 237 351 ლარით "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" და 88 421 ლარით პარტია "საქართველოს გზა" ინაწილებენ.
რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ სუბიექტებს, 2014 წელს მიღებული შემოწირულების თვალსაზრისით მათი მაჩვენებელი ასეთია: "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" – 34 160 ლარი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული პარტია" – 20 700 ლარი, "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – 20 207 ლარი, პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო" – 13 320 ლარი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები" – 11 643 ლარი, "საქართველოს მწვანეთა პარტია" – 9 874 ლარი, "ხალხის პარტია" – 6 400 ლარი, "რეფორმატორები" – 4 716 ლარი, "ქართული დასი" – 2 753 ლარი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" – 2 244 ლარი, მერაბ კოსტავას საზოგადოება – 1 935 ლარი, "განახლებული საქართველოსთვის" 800 ლარი, "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" – 610 ლარი, "მომავალი საქართველო" – 150 ლარი, "ერთიანი კომუნისტური პარტია" – 95 ლარი, "თავისუფალი საქართველო" – 36 ლარი, "რესპუბლიკური პარტია" – 30 ლარი, ხოლო ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ ჯამურად მიღებულია 238 255 ლარი.