ანგელა მერკელმა „ნორმანდიული ოთხეული“ მოლაპარაკებებისთვის ბერლინში მიიწვია

ანგელა მერკელმა „ნორმანდიული ოთხეული“ მოლაპარაკებებისთვის ბერლინში მიიწვია

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების საკითხზე მიმდინარე თვეს მოლაპარაკებების გამართვის მიზნით „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერები ბერლინში მიიწვია.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს, უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გასულ ღამეს სატელეფონო საუბარი გაიმართა. ქვეყნების ლიდერებმა უკრაინის კრიზისის დარეგულირების პროცესში არსებულ პროგრესზე გაამახვილეს ყურადღება.

უკრაინის კრიზისის დარეგულირების საკითხი მოლაპარაკებების სხვადასხვა ფორმატებში განიხილება. ერთ-ერთი ასეთი ფორმატია „ნორმანდიული ოთხეული“, სადაც უკრაინის, რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის პირველი პირები მონაწილეობენ. „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა 12 თებერვალს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართა. 16-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტაზე, ცხელი წერტილიდან მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანასა და უსაფრთხოების ზონების შექმნაზე შეთანხმდნენ. მიღწული შეთანხმების მიუხედავად, დონბასში სროლები არ შეწყვეტილა. კონფლიქტის მხარეები სამშვიდობო რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ საპასუხო ცეცხლს ხსნიან. დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ლიდერები აცხადებენ, რომ  კონფლიქტის ზონიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა თითქმის დასრულებულია. 

უკრაინის აღმოსავლეთით გასული წლის აპრილში პრორუს სეპარატისტებსა  და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გაერო-ს ბოლო მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში კონფლიქტს 6 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.