საქართველოს უსაფრთხოების ძალებს აშშ-ს მხრიდან დახმარება სჭირდება წვრთნებით, რჩევებითა და აღჭურვილობით

საქართველოს უსაფრთხოების ძალებს აშშ-ს მხრიდან დახმარება სჭირდება წვრთნებით, რჩევებითა და აღჭურვილობით

როგორც აშშ-ის პარტნიორები -საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ნატო-ს წევრ ქვეყნებთან შედარებით განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგანან რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების კუთხით, - ამის შესახებ ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჯარების სარდალის, ფილიპ ბრიდლავის 2015 წლის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც მან სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ განახორციელეს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები იმისათვის, რომ დაახლოებოდნენ ევროპას, თუმცა, მათ მიზნებს - გააგრძელონ პროგრესი ამ კუთხით, რუსეთის ჩარევა და ზეწოლა უშლის ხელს.

"რუსეთი იკავებს ამ ქვეყნების ტერიტორიებს, იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებს და ენერგოდამოკიდებულებას, როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, ის ასევე იყენებს ეთნიკურად რუსებს თავისი ინტერესებისთვის. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას უსაფრთხოების ძალებს სჭირდება აშშ-ის მხრიდან დახმარება წვრთნებით, რჩევებითა და აღჭურვილობით", - წერია ფილიპ ბრიდლავის მოხსენებაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 1990-იან და 2008 წლებში საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალების გამოყენება გამოსცადა, აქედან გამომდინარე, საქართველო რუსეთის მხრიდან გამუდმებით აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის საფრთხის ქვეშაა.

"რუსეთმა ხელი მოაწერა "ხელშეკრულებას" აფხაზეთთან და ამზადებს მსგავს შეთანხმებას სამხრეთ ოსეთთან, იმისათვის რომ გაზარდოს გავლენა ამ ტერიტორიებზე, მაშინ როდესაც საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის იბრძვის", - წერია დოკუმენტში.