საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკური მისიის წარმომადგენლების შეხვედრაზე მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე და იმ ძირითად ფაქტორებზე იმსჯელეს, რომლებმაც რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებზე ზეგავლენა მოახდინეს.

მათივე ინფორმაციით, აღინიშნა, რომ მისიის ფარგლებში, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან ერთად, მოხდება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების შეფასება და რისკების ანალიზი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები.