ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში პროკურატურის ინციატივას ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან წინასაარჩევნო ტრიუკად აფასებს და უნდობლობას უცხადებს.
,,ეს არის ივანიშვილის საარჩევნო ტრიუკი, რადგან ემზადება არჩევნებისთვის. მთელი ორწელიწადნახევარი გვატყუებდა, რომ სამართლიანობას აღადგენდა და სამართლიანობის აღდგენა ანდო იმ ორგანოს რომელიც თავად არის დამნაშავე ადამიანების დაწიოკებაში. წლების განმავლობაში ფინანსური პოლიცია ატერორებდა ადამიანებს და სწორედ ფინასური პოლიციის კადრი მოიყვანა მთავარ პროკურორად, მან რა სამართლიანობა უნდა აღდგინოს. ახლა პროკურატურას მისცე ამ საქმეების გამოძიების უფლება როცა თავად აქვს ჩადენილი სავარაუდო დანაშაული, ეს არის სამარცხვინო ამბავი”, _აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ხატიაშვილი.
მისივე განცხადებით, უნდა შეიქმნას პარლამენტის დაქვემდებარებში არსებული დამოუკიდებელი ორგანო რომელიც სამართალდამცველებისა და თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს შესწავლის. როგორც ხატიაშვილი აცხადებს აღნიშნულ ორგანოს არანაირი შემხებლობა არ უნდა ჰქონდეს სამართალდამცავ სტრუქტურებთან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, რომლის შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ.
კერძოდ, დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. ამათგან პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, რომელიც მოიცავს ცემა-წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ყველა იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.
აღნიშნული დეპარტამენტი დაკომპლექტდა დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, 4 პროკურორის, 10 გამომძიებლის და 4 კოორდინატორის შტატით. დეპარტამენტის დაკომპლექტების პროცესში გათვალისწინებული იქნა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და კადრების შერჩევა მოხდა განსაკუთრებული სიფრთხილით. დეპარტამენტში გამომძიებლებად და პროკურორებად დაინიშნენ პირები, რომელთა მიმართ მთავარ პროკურატურაში შემოსულ საჩივარ-განცხადებებში სამართლებრივი პრეტენზია არ ფიქსირდება.
გამოსაძიებელი საქმეებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დეპარტამენტში დაზარალებულთა კოორდინატორების დანიშვნის შესახებ, რომლებიც საქმის შედეგებით დაინტერესებულ დაზარალებულებს მუდმივ რეჟიმში მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაუწევენ კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებზე.
მთავარი პროკურატურა აღნიშნული დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ პრეზენტაციას 2015 წლის 4 მარტს გამართავს და საზოგადოებას დაწვრილებით მიაწვდის ინფორმაციას დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობებისა და გეგმების შესახებ.