გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია და როდის?

გაძვირდება თუ არა ელექტროენერგია და როდის?

ლარის გაუფასურების კვალდაკვალ თბოელექტროსადგურებმა შესაძლოა სემეკ-ს ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მიმართონ. რამდენად საფუძვლიანია მათი ეს მოთხოვნა და გადახედავს თუ არა დენის ტარიფს სემეკ-ი.

ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებასთან ერთად, თბოენერგოგენერაციაში ჩართული კომპანიები იმპორტირებული ბუნებრივი აირის გაძვირების გამო ზარალს განიცდიან. ამიტომ, თუ ლარმა გაუფასურება განაგრძო არსებული დენის ტარიფის გადახედვა მნიშვნელოვან და საჩქარო საკითხად მიაჩნიათ. თბოსადგურების მფლობელი კომპანიები არ გამორიცხავენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მიმართონ.

"ეს ზარალი დღევანდელი რეგულაციით, რა თქმა უნდა მომავალი წლის ტარიფში ასახულია და გაითვალისწინება. ზარალი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება. შესაბამისად, რაც უფრო მალე მოხდება მისი კორექტირება და რაც უფრო მალე შევძლებთ ჩვენ არსებული ასე ვთქვათ ფინანსური მდგომარეობის გასწორებას, მით უფრო უკეთესი იქნება",– განაცხადა "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის’’ ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ.

სემეკის თავჯდომარისთვის ცნობილია, რომ კომპანიებს ტარიფის გადახედვის სურვილი აქვთ. ირინა მილორავას თქმით, კომისიას ჯერ არცერთი თბოსადგურის განაცხადი არ მიუღია, თუმცა მიღების შემთხვევაში განსახილველად მზად არის.

"თბოელექტროსადგურებს განსხვავებით კომერციული სექტორისგან ჩვენ ტარიფებს ვუდგენთ. თუ სატარიფო განაცხადი იქნება შემოტანილი, ჩვენ განვიხილავთ ამ სატარიფო განაცხადს. ნებისმიერ შემთხვევაში ერთ გარემოებას მინდა ხაზი გავუსვა, რომ ერთი სადგურისთვის ფასის გაზრდა ან შემცირება არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს ცალსახად, რომ ვთქვათ სამომხმარებლო ტარიფი იცვლება. სამომხმარებლო ტარიფი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან , შესაბამისად ყველა კომპონენტი არის ერთობლიობაში გადასახედი იმისთვის, რომ სამომხმარებლო ტარიფის გაზრდაზე ან შემცირებაზე ვისაუბროთ’’– განმარტავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისისს თავმჯდომარემ ირინა მილორავამ.

თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული 1 კვტ.სთ ელექტროენერგია საშუალოდ 7 – დან 7, 5 თეთრამდე ღირს. რაც ძირითადად გასული წლის მეორე ნახევრისთვის არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად დადგინდა. 

მაშინ, როცა 6 თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 20 % – ზე მეტით გაუფასურდა. მიუხედავად ამისა, კომპანიების სურვილი დენის ტარიფის გადახედვის მოთხოვნასთან დაკავშირებით, საეჭვოდ ეჩვენება გარდაბნის თბოსადგურის ყოფილ ხელმძღვანელს.

,,ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ის თბოსადგურები, რომლებიც ახლა მოქმედებენ, იმათ უკვე ჩადებული ინვესტიცია ამოღებული აქვთ. შესაბამისად, გადასახადს, რასაც ახლა იღებენ სავარაუდოდ უკვე პლუსისკენ უნდა იყოს, ანუ მოგების ნაწილში უნდა იყოს გადასული. რაც შეეხება უკვე გაზის ტარიფს, ამის გადაანგარიშება სემეკ-თან ყოველთვის შეიძლება. სემეკი ვალდებულია, რომ აუნაზღაუროს ის ხარჯი, რამდენიც არ უნდა იყოს. ახლა, მაგალითად იღებენ ე.წ. სოციალური გაზი ჰქვია ამ ტრანზიტის საშუალებით თბოსადგურები და არის საბაზროზე ბევრად იაფი, დაახლოებით 2,5 – ჯერ უფრო იაფი არის. მაგრამ ეს გაზის ფასი, რომ სახელმწიფოს გაუძვირდეს, თბოსადგურებისთვის არაფერი არ შეიცვლება. სახელმწიფოსთვის შეიცვლება, რომ მეტის გადახდა მოუწევს’’– განაცხადა ,,Energy Solution’’- ის მმართველმა პარტნიორმა გიორგი აბრამიშვილმა.

დღეისთვის საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის მეხუთედს თბოსადგურები უზრუნველყოფენ. მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საჭირო ძირითადად ზამთრის პერიოდში ხდება, როდესაც ქვეყანაში დეფიციტია, თუმცა ბოლო პერიოდში გაზრდილ მუდმივად მზარდ მოხმარებასთან ერთად, ხშირად თბოსადგურები ზამთრის დადგომამდე ბევრად ადრე ირთვება. თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, როგორც წესი წლის ბოლოსთვის დაიანგარიშება. ამიტომ თუ ლარმა გაუფასურება განაგრძო, სავარაუდოა, რომ თბოელექტროსადგურები სემეკ-ს ტარიფის კორექტირების მოთხოვნით სექტემბრისვის მიმართავენ.