"თავისუფალი დემოკრატების" მიერ უსამართლობის დამარცხება მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება

"თავისუფალი დემოკრატების" მიერ უსამართლობის დამარცხება მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება, - ასე ეხმაურება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ახალციხის სასამართლოს მიერ "თავისუფალი დემოკრატების" წევრ შალვა გოგოლაძის ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარედ აღდგენას.

"მიხარია, რომ მიღებულ იქნა სამართლიანი გადაწყვეტილება. ასე რომ, ეს არის უსამართლობის დამარცხება "თავისუფალი დემოკრატების" მიერ ახალციხეში და ეს მოხდება მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განუცხადა"ინტერპრესნიუსს" ალექსი პეტრიაშვილმა.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ახალციხის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე შალვა გოგოლაძე თანამდებობიდან მის გადაყენებას პოლიტიკური ნიშნით ხსნიდა. სასამართლოს მან სწორედ კომისიის თავმჯდომარედ აღდგენის მოთხოვნით მიმართა, რაც დაკმაყოფილებულ იქნა.