ინვესტორს 25 მილიონის ინვესტიციის განხორციელებაში ხელი შეეშალა

ინვესტორს 25 მილიონის ინვესტიციის განხორციელებაში ხელი შეეშალა

"კავკასუს ეარლაინსის" დამფუძნებელი გიორგი კოდუას განცხადებით, მათ კომპანიაში ინვესტორს 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაში ხელი შეეშალა. როგორც გიორგი კოდუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში მთავრობისგან ისმის მესიჯები, რომ ინვესტორებს მიესალმებიან და ჩვენი ბაზარი მათთვის ღიაა.

"რეალობა კი სულ სხვაა. ჩვენი კომპანია რამდენიმე თვეა დუბაის მოქალაქესთან 25 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელიც ასევე 200 კვალიფიციურ კადრს დაასაქმებს ავიაბაზარზე", - განაცხადა კოდუამ.

მისივე თქმით, როდესაც ინვესტორი თბილისის აეროპორტში შემოვიდა, ის საქართველოში არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს.

"ორი დღის წინ ინვესტორი ჩამოვიდა თბილისში და იმავე დღეს აპირებდა დუბაიში დაბრუნებას, თუმცა არ შემოუშვეს. უკან გააბრუნეს ვიზების თუ რაღაც რეგულაციების გამო. მას ჰქონდა ელექტრონული ვიზა, თუმცა არ შემოუშვეს", - განაცხადა გიორგი კოდუამ.

იგი მთავრობას მოუწოდებს, აღკვეთოს ასეთი ქმედებები და ბიზნესს მისცეს საშუალება იმუშაოს.

"ჩვენ არ გვჭირდება მათი დახმარება, უბრალოდ, ხელს ნუ გვიშლიან. ასევე მორატორიუმი, რომელიც ავიაბაზარზეა გამოცხადებული, ეს არის უკანონო და უნდა იყოს მოხსნილი, ვინაიდან ეს მთელ რიგ ინვესტორებს უშლის ხელს ავიაკომპანიების დარეგისტრირებაში. ამ პირობებში ვერ ვხედავთ გზას, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ტურიზმი, ტრანსპორტი და რეისები, როდესაც ისეთი რეგულაციებია, რომ ელემენტარულად კომპანიას ვერ დაარეგისტრირებენ. ასევე ინვესტორები, რომელთაც აქვთ ინტერესი თვითმფრინავების შემოყვანის და ინვესტიციების ჩადების, არ უშვებენ ქვეყანაში", - განაცხადა კოდუამ.

მისივე თქმით, კონკრეტული მოლაპარაკებები არ ჩაშლილა, თუმცა პრობლემები შეექმნა, როგორც მან აღნიშნა დუბაის მოქალაქე ინვესტორი აღარ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და მოლაპარაკებების გასაგრძელებლად მათ მოუწევთ დუბაიში გამგზავრება.