მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ უყვართ შეთქმულების თეორიები ისე, როგორც ჩვენში

მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ უყვართ შეთქმულების თეორიები ისე, როგორც ჩვენში

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, 26 თებერვალს პრაღაში რუსეთის მხარემ პრინციპულად დაადასტურა თავისი მზადყოფნა 2011 წლის ხელშეკრლების განხორციელებასთან დაკავშირებით.

როგორც აბაშიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის შესახებ რუსეთ-საქართველოში შორის მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესი, გარკვეულწილად ხელისუფლების შეცვლამ შეაფერხა.

"ეს პროექტი საკმაოდ არაორდინალურია, ამიტომ კონტრაქტზე მუშაობა ფრიად რთული საქმე აღმოჩნდა. 2012 წელს ჩვენში ხელისუფლების შეცვლამ გარკვეული პერიოდის განამვლობაში შეაფერხა ეს პროცესი. ახალი გუნდის მიერ ამ თემის შესწავლას დრო დასჭირდა. სხვათა შორის, რამდენიმე შეხვედრა შედგა წინა ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც ხელშეკრულების მომზადებაზე მუშაობდნენ. ზოგადად, ამ საკითხზე ბევრი დისკუსია გაიმართა. ამასთანავე, მხოლოდ ქართული მხარის დაინტერესება არ იყო საკმარისი. რუსეთსაც უნდა გადაედგა შესაბამისი ნაბიჯები, დაახლოებით იმავე ტემპით. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ და არიან ჩართულნი ჩვენი შვეიცარიელი მეგობრები. ახლახანს დასრულდა დოკუმენტებზე მუშაობა და ჩვენ ამის თაობაზე ვაცნობეთ შვეიცარიელებს. საქმის კურსში ჩავაყენეთ რუსეთის მხარეც. სხვათა შორის, ჩვენი ოპონენტები ყოფილი ხელისუფლებიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში გვაკრიტიკებდნენ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო. როცა საქმე დავასრულეთ და გადავწყვიტეთ, რუსეთის მხარესთან პრაღაში შეგვეთანხმებინა ზოგიერთი საკითხი, რასაც შვეიცარიელებმა ხაზგასმით დაუჭირეს მხარი, ატყდა ოპოზიციის "ჟრიამული". ოპონენტების კრიტიკა საკმაოდ კომიკურია, რადგან ჩვენ ფაქტობრივად მათ დაწყებულ საქმეს ვაგრძელებთ, არ გვსურს, საქართველომ უარი თქვას ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებაზე. სამწუხაროდ, ოპონენტებმა ესეც ვერ დაინახეს", - განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ სერგი კაპანაძემ გამოხატა ობიექტურად თავისი პოზიცია.

ზურაბ აბაშიძე არ ადასტურებს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის სოსო ცისკარიშვილის ინფორმაციას, რომ კრემლმა თბილისს 2011 წლის შეთანხმების შესრულების სანაცვლოდ მოსკოვი-სოხუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო მარშრუტის გახსნაზე ულტიმატუმი წაუყენა.

"ჩემი ძველი მეგობრის კომენტარს მხოლოდ იუმორით თუ მივუდგები. საინტერესოა, ბატონი სოსოს კულუარული ინფორმაციით მხოლოდ ულტიმატუმი წამოგვიყენეს, თუ კაპიტულაციის დოკუმენტიც გადმოგვცეს? ჩემი დაკვირვებით, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ უყვართ შეთქმულების თეორიები ისე, როგორც ჩვენში. ზოგჯერ ეს გატაცება პროვინციალიზმშიც გადადის, რაც არ არის კარგი საქმე", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რავ შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას რუსეთთან დიალოგის წარმოებასთან დაკავშირებით, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ დიპლომატიის მაქსიმალურად ამოქმედება სწორედ მაშინ არის საჭირო, როცა ქვეყნებს შორის რთული ურთიერთობებია.

"ჩვენ გვახსოვს, წინა ხელისუფლებამ რა "შესანიშნავად" გაართვა თავი რუსეთთან ურთიერთობას. ამ კომპეტენციის ადამიანებს როგორ უნდა ესაუბრათ რუსეთთან, როცა საკუთარ ხალხთან ვერ გამონახეს საერთო ენა? ჯერ იყო და 2008 წლის აგვისტოს კატასტროფას შეუწყვეს ფაქტობრივად ხელი თავიანთი უნიათობითა და არაკომპეტენტურობით, მერე რუსულ კომპანიებს მიყიდეს ჩვენი სტრატეგიული ობიექტების დიდი რაოდენობა. "დესერტად" 2008 წლის ნოემბერში რუსულ მხარეს სთავაზობდნენ მოსკოვში საქართველოს კულტურის დღეების ჩატარებასა და ცეკვა-თამაშს, როგორია ?! ახლა კი მძლეთამძლე გმირებივით ლომებსა და რუსულ ტანკებს ჭამენ ტელეეკრანებთან", - დასძინა ზურაბ აბაშიძემ.