რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე "თავისუფალ დემოკრატებს" ურჩევს, "სამოქალაქო კონტროლი" თავიანთ არაკომპეტენტურობას დაუწესონ. ასე ეხმაურება აბაშიძე "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებას იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი კონტროლი უნდა დაწესდეს, რათა ზურაბ აბაშიძე მისი კომპეტენციის ფარგლებს არ გასცდეს.
პრემიერის სპეცწარმომადგენლის თქმით, ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე მის განცხადებებზე აჟიოტაჟი "ნაციონალებს" "თავისუფალმა დემოკრატებმა" დაასწრეს.
"მათ ჩემზე კარგად იციან, რომ ალიანსში საქართველოს წევრობა დღევანდელი და ხვალინდელი დღის პერსპექტივა არ არის, მაგრამ რაღაცით ხომ უნდა მოაწონონ საზოგადოებას თავი. თეზისები, რაც აღნიშნულ კომენტარში ჩამოვაყალიბე, სრულად აისახა 25 თებერვალს ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებაში. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ საქართველო მიზანმიმართულად მიემართება ნატო-ში გაწევრიანებისკენ, მაგრამ სრული წევრობის შესახებ ახლა კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია; ნატო არანაირად არ გეგმავს საქართველოში თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის ან ბაზის განლაგებას, საუბარია ერთობლივ საწვრთნელ ცენტრზე, რაც საქართველოს კუთვნილება იქნება; ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, საქართველომ კი აუცილებლად უნდა გააგრძელოს დიალოგი რუსეთთან. საინტერესოა, რატომ არ უპასუხეს ჩვენმა ოპონენტებმა ბატონ აპატურაის ამ კომენტარებს? რატომ არ შევიდნენ მასთან პოლემიკაში? რატომ არ უწესებენ "სამოქალაქო კონტროლს" თავიანთ არაკომპეტენტურობას? ასეთი უსაფუძვლო აჟიოტაჟით ისინი განა არ იფუჭებენ ავტორიტეტს შიგნით და გარეთ? ვფიქრობ, რომ იფუჭებენ და სწორედ იმ პოზიციაში დაზიანდებიან პოლიტიკურად გამუდმებით, რომელიც ყველაზე დაცული ჰგონიათ", - განაცხადა აბაშიძემ.
რაც შეეხება ალექსი პეტრიაშვილს, ზურაბ აბაშიძის შეფასებით, მას იუმორისკენ სწრაფვა აქვს, მაგრამ მონდომება აკლია.
"მას შემდეგ, რაც მთავრობიდან წავიდა, ეტყობა მწვავედ განიცდის ნოსტალგიას მინისტრის პოსტის მიმართ და ქვეცნობიერად ამას სხვასაც მიაწერს. ისე, უცნაური ხალხი არიან ეს ჩვენი ოპონენტები. იმ დღემდე, სანამ მთავრობაში იყვნენ, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს არაფერი ემუქრებოდა. იმავე დღესვე კი, როცა მთავრობა დატოვეს, თურმე ეს კურსი რადიკალურად შეიცვალა. თითქოს საგარეო კურსი სამარშრუტო ტაქსი იყოს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და დასძინა, რომ მის კომენტარებში სკანდალური ან პრინციპულად ახალი კი, არაფერი ყოფილა, ამიტომ, "მავანთა დარდი, რომ ზურაბ აბაშიძე სხვათა კომპეტენციებში ჩაერია, მათი უცოდინარობის მორიგი დასტურია".
ამასთან, ზურაბ აბაშიძე კოლეგა ოპონენტებს მისი წიგნის - "ნატო და საქართველო" წაიკითხვას სთავაზობს, რომელიც ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის რობერტსონის წინასიტყვაობით გამოიცა.