საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო უმცირესობის საგანგებო სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.
ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ ქუთასში განაცხადა, სადაც ქვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაიშალა.
"სამწუხაროა, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა, პარალმენტი არ შეიკრიბა. გასაგებია, როგორ დამთავრდება კენჭისყრა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა დეპუტატს, ვინც დარბაზში იმყოფება, რომ აქ ჩამობრძანდნენ და მინდა ვთხოვო უმცირესობის წევრებს, რომ კენჭისყრის შემდეგ, აქ დარჩნენ და ჩავატაროთ უმცირესობის საგანგებო სხდომა და სამომავლო გეგმებზე ვიმსჯელოთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობა" თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, თუმცა მას უმრავლესობის წევრთა უმრავლესობა არ ესწრებოდა. სხდომა საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით იყო მოწვეული. მასზე კანონმდებლებს ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ კრიზისსა და მისი დაძლევის გზებზე უნდა ემსჯელა.
"ნაციონალური მოძრაობა" სხდომაზე ხელისუფლებისთვის 36-პუნქტიანი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის შეთავაზებასაც გეგმავდა.