ნემცოვის მკვლელობას მსოფლიოში გამოხმაურება მოჰყვა

ნემცოვის მკვლელობას მსოფლიოში გამოხმაურება მოჰყვა

მსოფლიოში უკვე მოჰყვა ბორის ნემცოვის მკვლელობას გამოხმაურება. ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მწუხარებას გამოთქვამს რუსი პოლიტიკოსის მკვლელობის გამო და "თვითერის" საკუთარ გვერდზე წერს , რომ "ძალიან დამწუხრებულია". მაკკეინი ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც ნემცოვთან ერთად არის გადაღებული. "თვითერითვე" ეხმაურება მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც წერს, რომ შოკირებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობით და იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან მკვლელობა გამოძიებული იქნება. 

ამავე სოციალური ქსელით ეხმაურება მკვლელობას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი, რომელიც წერს, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობა ადასტურებს უგნურებას, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება მიუკერძოებლად წარიმართება. ამ დროისთის ბორის ნემცოვის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან გადაასვენეს და საგამოძიებო ჯგუფმაც მკვლელობის ადგილზე მუშაობა დაასრულა.