რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უწყებებში კადრების შესარჩევი კონკურსები ფორმალურ ხასიათს ატარებს , კონკრეტული ფაქტებითაც დადასტურდა.
როგორც ჯავახიშვილმა "პალიტრატვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, ამის შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტროში მისული ათეულობით თანამშრომელი საუბრობს, რომლებსაც სხვა უწყებებში ჩატარებულ კონკურსებში მონაწილეობა მიუღიათ.
"ჩემი ინფორმაციით და ეს ერთეული, თუმცა კონკრეტული ფაქტებითაც დადასტურდა, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებში კადრების შერჩევა ფორმალურ ხასიათს ატარებს. ადამიანები დანიშნულები არიან სამსახურებში და მერე ხდება კონკურსით მათი "გაპრავება". ასეთი ფაქტები შემხვდა და გავაკეთე დასკვნა. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც ჩვენთან კონკურსი გაიარა, ამბობს, რომ სადაც მივალთ, ყველგან კადრები უკვე დანიშნულები არიან და ჩვენ ფორმალურად ვღებულობთ მონაწილეობას გასაუბრებაშიო", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
მინისტრის მოადგილის მტკიცებით, რეგიონული განვითარების სამინისტროში კონკურსი გამჭვირვალედ ჩატარდება. "ჩვენ სამინისტროში კონკურსები ყოველთვის გამჭვირვალედ, სწორად ჩატარდება და მას ექნება ერთი მიზანი – მაქსიმალურად კვალიფიციური კადრები მივიღოთ სამსახურში", - განაცხადა ჯავახიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე აღნიშნული მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრა "ერთმნიშვნელოვნად ძნელია".