ხვალ დანიშნულ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში არც ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც ფრაქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემოთავაზებული საკითხის ხვალისთვის განხილვა მათ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. ხმალაძის თქმით, ამ შემთხვევაში რიგგარეშე სხდომის ფორმატში დეპუტატების შეკრება არის მათი უფლება და არა ვალდებულება.
"ახლა ამ ფორმატში აღნიშნული საკითხის განხილვა მართებულად არ მიგვაჩნია. ვგეგმავთ, რომ მომავალ კვირას ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები სამუშაო ფორმატში განვიხილოთ. ამის უფლებას ჩვენ კონსტიტუცია და რეგლამენტი გვაძლევს. იმ შემთხვევაში, როცა პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს ამბობს, შემდგომ შეკრება ეს არის პარლამენტის უფლება და არა ვალდებულება, განსხვავებით საომარი და საგანგებო მდგომარეობისგან, როდესაც კანონში პირდაპირ წერია, რომ ასეთ დროს პარლამენტის წევრები ვალდებული არიან შეიკრიბონ და მუშაობა დაიწყონ", - აღნიშნა ხმალაძემ.
დეპუტატი ხვალ კვორუმის პრობლემის შექმნას და ამ მიზეზით სხდომის ჩაშლას არ გამორიცხავს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ორგანიზაციული თვალსაზრისით ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი.
ბიუროს გადაწყვეტილებით ხვალ, 14:00 საათზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უნდა ჩატარდეს. სხდომის ინიციატივით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოვიდა. დღის წესრიგში შეტანილია მხოლოდ ერთი საკითხი – ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის განხილვა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობა.