„Lragir“:      პუტინის ულტიმატუმი საქართველოს

„Lragir“: პუტინის ულტიმატუმი საქართველოს

ოთხშაბათს პრაღაში რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების - გრიგორი კარასინისა  და ზურაბ აბაშიძის შეხვედრა გაიმართა. რუსული მხარის წინასწარი მონაცემებით, მხარეებს აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხი უნდა განეხილათ, მაგრამ როგორც შეხვედრის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, ამ თემაზე საერთოდ არაფერი თქმულა.

რასაკვირველია, იმსჯელეს სხვა საკითხებზე, მაგალითად, საზღვარზე ტვირთების მოძრაობის თაობაზე. 2011 წელს საქართველომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველო ეთანხმებოდა რუსეთის მიღებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. თბილისის „პირობა" იყო ის, რომ ორივე მხარე - საქართველოც და რუსეთიც შვეიცარიულ კომპანიას მიმართავდნენ, რომელიც, თავის მხრივ, მონიტორინგს გაუწევდა საბაჟოების საქმიანობასა და ტვირთების მოძრაობას რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე.

საქართველომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მას უკვე შეუძლია, შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულება დაიწყოს, რუსეთს კი მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ არ დაუსრულებია. როგორც ქართველი ექსპერტები ამბობენ, შვეიცარიული მონიტორინგული კომპანიის საზღვარზე დაშვების სანაცვლოდ, რუსეთი ითხოვს, რომ საქართველომ და აფხაზეთმა ხელი მოაწერონ შეთანხმებას აფხაზეთის რკინიგზის გახსნის თაობაზე. თბილისში საკითხისადმი ასეთი მიდგომა „ვლადიმირ პუტინის ახალ ულტიმატუმად" მიიჩნიეს.

საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთზე მოძრაობის აღდგენა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილისადმი მიცემულ „მთავარ დავალებას" წარმოადგენდა, ივანიშვილს კი „მოსკოვის კაცად" მოიხსენიებენ. პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ იგი ერევანში ჩამოვიდა და თქვა, რომ რკინიგზის გახსნა ცუდი არ იქნებოდა. ერევანმა იდეა მოიწონა და მხარი დაუჭირა, მაგრამ იდეის რეალიზებისათვის საქართველოს მოუწევდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთისადმი მიერთება ეღიარებინა.

მას შემდეგ რამდენიმე წელმა გაიარა. ითქვა კიდეც, რომ რკინიგზის გახსნა აქტუალური აღარ არისო, მაგრამ ახლა საკითხი „გაცოცხლდა": ან რუსეთმა იგრძნო, რომ ბიძინა ივანიშვილის („ქართული ოცნების") „დღეები დათვლილია", ან ბიძინა ივანიშვილს უთხრეს, რომ დროა, დავალების შესრულება დაიწყოო.

სომხეთშიც გააქტიურდნენ - ჯავახქური წარმოშობის დეპუტატებმა კვლავ დაიწყეს რკინიგზის გახსნის სიკეთეზე საუბარი. უფრო მეტიც - გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს განზრახული აქვს, რკინიგზის აქციების 25% გაყიდოსო და არაა გამორიცხული, რომ ეს აქციები სომხეთმა ან რუსეთმა შეიძინოს

საქართველოში სიტუაციის განვითარებამ შეიძლება რეგიონში ძალთა ახალი განლაგების მშენებლობაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს. თუ რუსეთი შეძლებს და საქართველოს კაპიტულაციაზე წასვლას აიძულებს, მაშინ საქართველო, სომხეთი და მათთან ერთად აზერბაიჯანი საბოლოოდ დაკარგავენ სუვერენიტეტს და რუსეთის იმპერიის ნაწილებად იქცევიან.

მაგრამ თუ საქართველო გაუძლებს და გადარჩება, მასთან ერთად გადარჩება სომხეთიც.


http://www.lragir.am/index/rus/0/politics/view/40920