როგორც რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, საქართველო ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დღეს ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობს.
რუმინეთის მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
"საქართველო დღეს ევროკავშირთან აქტიურად თანამშრომლობს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. მინდა, ვუსურვო პრემიერ ღარიბაშვილს, იყოს პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელს მოაწერს ანალოგიურ შეთანხმებას ნატო-სთან", - ვიქტორ პონტამ.
თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუმინელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია და ნატო-ში გაწევრიანება მთავრობის პრიორიტეტებია.
"ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს საშუალებას, სიამაყით წარვადგინოთ ხელშესახები შედეგები რიგის სამიტზე, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორმა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და რეგიონული საფრთხეები იყო. პრემიერ-მინისტრმა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ შეთანხმებების გაფორმება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის მცდელობად შეაფასა და რუმინეთს ამ მიმართულებით მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის, ბიზნესაქტივობის გაფართოებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.