ერთობლივი კომისიის აღდგენაზე ორი ქვეყნის მთავრობის წევრები გაფართოებული მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისა და ვიქტორ პონტას პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა.
შეხვედრის დასაწყისში რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას ბრიუსელში წარმატებული ვიზიტი მიულოცა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და კონკრეტული საინვესტიციო პროექტები განიხილეს. საუბარი ასევე საქართველოს ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალსაც შეეხო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მთავრობა მიესალმება რუმინელ ინვესტორებს საქართველოში, სადაც დაცულია კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლებები და ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემო არსებობს.
გაფართოებული მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოეწერა შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის კულტურულ, სპორტულ და მედიის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის კი თანამშრომლობის გააქტიურება დაიგეგმა.