"საქართველო რუმინეთს განსაკუთრებულ პარტნიორად და ნამდვილ მეგობრად განიხილავს"

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინელ კოლეგასთან შეხვედრაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა და ვიქტორ პონტამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბეს

შეხვედრისას დიდი ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას და რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებს.

გამოითქვა შეშფოთება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და იმ პროექტებისთვის, რომლებიც საქართველოში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის, სტიქიურ უბედურებათა რისკის შემცირებისა და მენეჯმენტის გაძლიერების მიმართულებებით ხორციელდება.