ექსპერტი გია ხუხაშვილი ლარის გამყარებას ფსიქოლოგიურ ფაქტორებს უკავშირებს. როგორც ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გუშინ კომერციულ ბანკებთან და ბიზნესმენებთან, ხელისუფლებასა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, როგორც ჩანს, გარკვეული შეთანხმებები შედგა.
"ლარის კურსის გამყარება არის ფსიქოლოგიური. ჩაერთო ადმინისტრაციული მექანიზმები. ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები სავარაუდოდ შეთანხმდნენ გარკვეულ რეგულაციაზე მოთხოვნა-მიწოდებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ბიზნესთან შეხვედრებზე მთავრობის მხრიდან როგორც ჩანს გარკვეული ოპტიმისტური ნოტები გაჩნდა და ასევე, გარკვეულმა მოთამაშეებმა თავი შეიკავეს ვალუტის აჟიოტაჟურ შესყიდვებისგან", - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, გამყარება შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს და აქედან გამომდინარე, არ იქნება სწორი პოლიტიკური დებატები და სპეკულაციები ამ საკითხზე. მისივე თქმით, ამ მიმართულებით ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული შეტევა არასწორი იყო. ხუხაშვილი განმარტავს, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკისთვის შექმნილი ვითარება სწორი არ არის და ქადაგიძის მხრიდან საბოტაჟზე საუბარი, შეთქმულების თეორიას დაემსგავსა.
"მიუხედავად იმისა, რომ ვეთანხმები ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებას, რომ იმ პრობლემებში, რაც ლარის თავს ხდება, ეროვნული ბანკის წილიც არის, გუშინ რაც ხდებოდა არ ვიზიარებ. თქმა იმისა, რომ ეროვნული ბანკია დამნაშავე და მთავრობა არაფერ შუაშია, სამართლიანი არ არის. ქადაგიძეს და ეროვნულ ბანკს თავის ცოდვები ეყოფა, მაგრამ საუბარი, რომ ყველაფერში ის არის დამნაშავე, შეცდომა იყო ორი მთავარი მიზეზის გამო: 1.ობიექტურობა აკლდა ამ კრიტიკას და შეთქმულების თეორიაში გადაიზარდა საბოტაჟთან დაკავშირებით; 2. გუშინ ამის გაკეთება ძალიან სახიფათო იყო და ძალიან გავდა ცეცხლზე ნავთის დასხმას, რადგან ეჭვიც რომ გქონდეს, ეს საკითხები უნდა იხილებოდეს კულისებში, რათა ამან კიდევ უფრო არ გაართულოს მდგომარეობა. ობიექტური კრიტიკა შესაძლებელი იყო, თუმცა ამ გადაჭარბებამ შეუქმნა ქადაგიძეს ის კომფორტი, რომ დღეს დაზარალებულის, ჩაგრულის და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის მანტია მოესხა და ვიღაცის თვალში პოზიტიურად გამოსულიყო. გუშინ მის მიმართ გაკეთებული ბრალდებები იყო შეცდომა და ქადაგიძემ აჩვენა, რომ ის უკეთესი პოლიტიკოსია ვიდრე პოლიტიკური ელიტა", - აღნიშნა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება საკითხს, შესაძლოა თუ არა დადგეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, ხუხაშვილის თქმით, ეს თუ ხელისუფლებას უნდოდა, აქამდე უნდა გაეკეთებინა.
"ხელისუფლებას თუ ასეთი კითხვის ნიშნები და პრეტენზიები ჰქონდა, რატომ არ გამოიყენა მექანიზმი მისი იმპიჩმენტის საკითხზე? როგორც ჩანს, ქადაგიძე თანამშრომლობდა ძალიან კარგად ხელისუფლებასთან გუშინდელ დღემდე. რა მოხდება მომავალში, ჩემთვის ძალიან ათქვეფილია ყველაფერი. ვინ "ქართული ოცნებაა", ვინ "ნაციონალური მოძრაობა", ამაში გარკვევა უკვე მიჭირს", - განაცხადა ექსპერტმა.