ბოდიშს ვუხდი მთელ ქვეყანას მილიციის არაპროფესიონალური ქმედებისა და საშინელი სცენის გამო

ბოდიშს ვუხდი მთელ ქვეყანას მილიციის არაპროფესიონალური ქმედებისა და საშინელი სცენის გამო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი გუშინ კიევში ეროვნული ბანკის შენობასთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობს და მოსახლეობას სამართალდამცველების ქმედების გამო  ბოდიშს უხდის.

„პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი მთელ ქვეყანას პოლიციის არაპროფესიონალური ქმედებისა და საშინელი სცენის გამო ეროვნული ბანკის შენობასთან. ამ ღამით მომიტინგეებთან მივედი და პირადადაც მოვუბოდიშე. მომხდარის გამოძიება დავიწყეთ, რომლის შედეგი 48 საათის განმავლობაში განსაჯაროვდება. იმუშავებს კომისია მინისტრის ორი მოადგილის - ეკა ზღულაძის და სერგეი იაროვის ხელმძღვანელობით. შეტაკების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. კიევის პეჩერის რაიონის განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, ხოლო მისი მოადგილე კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე უფლებამოსილებას ჩამოშორებულია", - აცხადებს ავაკოვი.

წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევში ეროვნული ბანკის შენობასთან საპროტესტო აქცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. მოსახლეობა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და ფინანასური ვითარების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

აქციის დაშლა პოლიციამ ხელკეტებით სცადა, დემონსტრანტების კარვები კი ბულდოზერებით აიღეს. დაშავდა 10-მდე ადამიანი.