კიევში ეროვნული ბანკის შენობასთან გამართული საპროტესტო აქცია, რომელიც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკურ და ფინანსურ ვითარებას ეხებოდა, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს.
აქციის დაშლა პოლიციამ ხელკეტებით სცადა, დემონსტრანტების კარვები კი ბულდოზერებით აიღეს. დაშავდა 10-მდე ადამიანი.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებით გამოყენებასთან დაკავშირებით მათ უკვე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. ინციდენტის გამოსაძიებლად სამინისტროში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც მინისტრის მოადგილეები ეკა ზღულაძე და სერგეი იაროვი უხელმძღვანელებენ.
კიევში დემონსტრანტები უკვე რამდენიმე დღეა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ვალერია ჰონტარევას გადადგომას ითხოვენ. მოსახლეობის გაღიზიანება ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურებამ გამოიწვია. გრივნას ფასი დოლართან მიმართებაში 2014 წლის განმავლობაში 50 პროცენტით დაეცა.