გიორგი ქადაგიძე ეკონომიკის მინისტრის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს

გიორგი ქადაგიძე ეკონომიკის მინისტრის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს

ეკონომიკის ანბანია, რომ ვალუტის გაუფასურების დროს ბაზრის მონაწილეების მხრიდან აჟიოტაჟური ქცევა სავსებით ნორმალურია, - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ეკონომიკის მინისტრის გუშინდელ ბრალდებას. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ეს ბრალდება საფუძველს აბსოლუტურად მოკლებულია.

"უარყოფითი ეკონომიკური მონაცემების პირობებში, როდესაც ადგილი აქვს ვალუტის გაუფასურებას, აჟიოტაჟური ქცევა ბაზრის მონაწილეების მხრიდან არის სავსებით ნორმალური მოვლენა. ეს არის ეკონომიკის ანბანი. აჟიოტაჟურ ქცევას შველის სწორი კომუნიკაცია, სწორი გზავნილები და არა - გაზრდილი ინტერვენციები. კიდევ უფრო დიდი მერყეობის თავიდან აცილების მიზნით, შეგახსენებთ, რომ მხოლოდ თებერვლის თვეში ჩვენი რეზერვებიდან დავხარჯეთ 120 მილიონი დოლარი. ამ რეზერვის ხარჯვის დანიშნულება არის იმ მერყეობის აცილება, რომელიც გამოწვეული იყო იმ პროცესებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ეს ბრალდება არის აბსოლუტურად მოკლებული საფუძველი", - განაცხადა ქადაგიძემ.

ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ინტერპრესნიუსს" გუშინ განუცხადა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, როდესაც სწრაფი დევალვაცია მოხდა, ეროვნულ ბანკს ლარის გაუფასურების ემოციური შემადგენლის განეიტრალებაში მეტი წვლილის შეტანა შეეძლო.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების მოცულობებისა და დროში განაწილების სწორი მართვით ლარის რყევების დიდი ამპლიტუდის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

"ახლა მნიშვნელოვანია კონცენტრირება მოხდეს სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის აღსრულებაზე, რათა ის ზეგავლენა, რომელიც ამ რყევებმა გამოიწვია ჩვენი თანამოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უმოკლეს პერიოდში იქნას მინიმიზირებული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.