მოსკოვი უკრაინის გარკვეული ტერიტორიების ანექსიას 12 თვის განმავლობაში გეგმავდა. ამის შესახებ "ნოვაია გაზეტა" მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის დროს აპირებდა თანმიმდევრულად ყირიმის და აღმოსავლეთ რეგიონების დაპყრობას.
"ნოვაია გაზეტას" ცნობით, დოკუმენტები ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციას 2014 წლის 4-12 თებერვალს გადაეცა განსახილველად, ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც კიევში მასობრივი დემონსტრაციები იმართება, რასაც თებერვლის ბოლოს იანუკოვიჩის გაქცევა მოჰყვა.
რუსული გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, რუსეთი აპირებდა იანუკოვიჩის მარცხის აღიარებას, რასაც შემდეგ სასაზღვრო რეგიონებთან თანამშრომლობის გაღრმავება უნდა მოჰყოლოდა. გეგმის მიხედვით, ამის შემდეგ მოსკოვს პირდაპირი კავშირები უნდა დაემყარებინა უკრაინის იმ ტერიტორიებთან, სადაც პრორუსული განწყობა შედარებით ძლიერი იყო.
როგორც დოკუმენტებში წერია, ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში საჭირო იყო ისეთი ვითარების შექმნა, რომელიც მოგვიანებით პოლიტიკურ ლეგიტიმურობას მოიპოვებდა.