უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი სამართალდამცველების ქმედების გამო უკრაინელებს ბოდიშს უხდის.
ამასთან, ავაკოვის გადაწყვეტილებით, კიევში, ეროვნული ბანკის შენობასთან მომხდარ ინციდენტის გამოძიების მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც შს მინისტრის ორი მოადგილე – ეკა ზღულაძე და სერგეი იაროვი - უხელმძღვანელებს.
"პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი მთელ ქვეყანას მილიციის არაპროფესიონალური ქმედებისა და საშინელი სცენის გამო ეროვნული ბანკის შენობასთან. ამ ღამით მომიტინგეებთან მივედი და პირადადაც მოვუბოდიშე. მომხდარის გამოძიება დავიწყეთ, რომლის შედეგი 48 საათის განმავლობაში განსაჯაროვდება. იმუშავებს კომისია მინისტრის ორი მოადგილის – ეკა ზღულაძის და სერგეი იაროვის ხელმძღვანელობით. შეტაკების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. კიევის პეჩერის რაიონის განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, ხოლო მისი მოადგილე კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე უფლებამოსილებას ჩამოშორებულია", - აცხადებს ავაკოვი.
უკრაინის შს მინისტრი აპირებს, მთავრობის წინაშე დააყენოს საკითხი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც ეროვნული ბანკს მიმდინარე ფინანსური კრიზისის ფონზე დებიტორებთან და კრედიტორებთან არსებული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.
წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევში ეროვნული ბანკის შენობასთან საპროტესტო აქცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. მოსახლეობა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და ფინანასური ვითარების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.
აქციის დაშლა პოლიციამ ხელკეტებით სცადა, დემონსტრანტების კარვები კი ბულდოზერებით აიღეს. დაშავდა 10-მდე ადამიანი.