გრიგორი კარასინი - ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, დიალოგი მაინც გრძელდება

გრიგორი კარასინი - ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, დიალოგი მაინც გრძელდება

რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის მთავარი შედეგი არის ის, რომ საქართველოს ოპოზიციური ძალების მცდელობების მიუხედავად, ჩაშალონ დიალოგი, ეს დიალოგი მაინც გრძელდება. ამის შესახებ "რია ნოვოსტისთან" საუბარში პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამჯერად მოლაპარაკებები ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდა - დაახლოებით სამ საათს და ამის მიზეზი თემების მზარდი რაოდენობაა, რომლებსაც, მის თქმით, ორივე მხარე ეხება და ეს აჩვენებს, რომ მოლაპარაკებებს შედეგი მოაქვს და წინ მიდის.

რუსეთსა და საქართევლოს შორის მაღალ დონეზე შეხვედრების გამართვის შესაძლებლობის კომენტირებისას, რაზეც სააგენტოს ცნობით, საქართველოს პრემიერმინისტრმა არც თუ დიდი ხნის წინ განაცხადა, კარასინმა უპასუხა, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ იმისთვის, რომ ეს შეხვედრა რეალობად იქცეს, საჭიროა, ამ შეხვედრის კარგად მომზადება სერიოზული პოლიტიკური შედეგების მოსატანად. კარასინის თქმით, ჯერჯერობით, ამ დონეზე ურთიერთობაზე საუბარი ნაადრევია.