მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე

მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე

მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ პრეზიდენტისა და ექსპერტების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

შეხვედრაზე განსახილველი მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები იყო. "პრეზიდენტი აგრძელებს შეხვედრებს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების წარმომადგენლებთან იმ ფორმატში, რომელიც დადგინდა ჯერ კიდევ შემოდგომაზე. ეს არის რიგით მეექვსე შეხვედრა და შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემატიკას. ზოგადად, იმის თაობაზე, რომ ჩამოყალიბებული იყოს ერთიანი კონსოლიდირებული ქართული პოზიცია ამ კონფლიქტების მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ.

კითხვაზე, განხილული იქნა თუ არა შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხი, ხაინდრავა აცხადებს, რომ ზოგი მონაწილის მიერ ისმება ხოლმე კონკრეტული საკითხები, თუმცა, ფორმატი განსხვავებულია. ხაინდრავას თქმით, ამ თემაზე საუბარი არც დღეს და არც წინა შეხვედრებზე არ ყოფილა. "თუ თქვენ გაინტერესებთ მაინც და მანც რეაქცია აბაშიძე-კარასინის ფორმატზე, ამის თაობაზე არსებობს პრეზიდენტის პოზიცია და ის არ შეცვლილა", - განაცხადა ივლიანე ხაინდრავამ.

ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ კი აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე აფხაზეთის რკინიგზის საკითხი იყო განხილული, თუმცა ეს საკითხი ექსპერტების მხრიდან იქნა დასმული. "ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ და არა მგონია, პრეზიდენტს განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს", - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.