უმრავლესობა რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის მოწვევას არ აპირებს

უმრავლესობა რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის მოწვევას არ აპირებს

მმართველი უმრავლესობა 28 თებერვლის რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის მოწვევას არ აპირებს. როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნაში მთავრობის მოწვევის საკითხი არ ფიგურირებს, ხოლო მას რეგლამენტი არ აძლევს უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე მოწვევის გადაწყვეტილება მიიღოს.

მისივე თქმით, პარლამენტის ყველა წევრი ინფორმირებული იქნება შაბათს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე. "რიგგარეშე სხდომის ფორმატში ვიკრიბებით მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუცია არ დაირღვეს. თუმცა, მეორეა, რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნულ საკითხზე "ნაციონალურ მოძრაობასთან" დებატების გამართვა. მათთან დებატები სწორი არ იქნებოდა. ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გვთავაზობს, არის მიუღებელი. მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს და კრიზისი, რაც ლარს უკავშირდება, დასტაბილურდება", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.

დღევანდელი კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ფორმატში შაბათს შეიკრიბება, ხოლო ხვალ ბიუროს სხდომაზე, რომელიც 15.30 საათზე გაიმართება, რიგგარეშე სხდომის ჩატარების დრო დაზუსტდება.