ის, რაც ქვეყნის ეკონომიკაში ხდება, არის პირადად ბიძინა ივანიშვილის დანაშაული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა, რომელიც ლარის კრიზისთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მაჭავარიანის შეფასებით, ივანიშვილი პანიკაშია. "პირადად ბიძინა ივანიშვილის დანაშაულია ის, რომ ქვეყანაში არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა მიმდინარეობს, რომ შემცირდა ექსპორტი, შემცირდა გადმორიცხვები, რომ საქართველო არ არის საინტერესო ინვესტორებისა და ტურისტებისთვის. ჩვენ მის ჯიბის მთავრობას წარვუდგინეთ ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ შემცირდეს გადასახადები, როგორ გაიზარდოს სამუშაო ადგილები, როგორ შეიქმნას ქვეყანაში მიმზიდველი ეკონომიკური გარემო, თუმცა პირადად მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს გეგმა არ ყოფილიყო განხილული. ივანიშვილი დღეს პანიკაშია, ის დღეს ეძებს განტევების ვაცს, თუმცა, ბუნებრივია, მხოლოდ თითის გაშვერა და განტევების ვაცის ძებნა არის აბსოლუტურად არაადეკვატური", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის აზრით, შექმნილი ვითარება გამოწვეულია ივანიშვილის მიერ საქართველოს დისკრედიტაციით, რაც მან პრემიერ-მინისტრობის დროს, დავოსიდან დაიწყო.
"საქართველოს დისკრედიტაცია მან დაიწყო დავოსიდან, სადაც განაცხადა, რომ ყველაფერი, რასაც ქვეყანამ მიაღწია, არის ტყუილი, რომ საქართველო არ შეიძლება იყოს ეკონომიკურად წარმატებული. სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველოში იმპორტი შემცირდა, რომ ინვესტორებისთვის მიმზიდველი აღარ არის ჩვენი ქვეყანა და ამის შედეგია ისიც, რომ დღეს ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც არც ხედვა აქვს და არც გეგმა გააჩნია, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა ამ მძიმე მდგომარეობიდან", - აღნიშნა მაჭავარიანმა.