საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მთავრობას პასუხისმგებლობას არიდებს, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერმა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, მის მიმართ არსებული ჭარბი ნდობა, მთავრობაზე გადაიტანოს და ის დაიცვას. "გამოდის ბატონი ბიძინა და ყველას აკისრებს პასუხისმგებლობას, საკუთარი მთავრობის გარდა. იგი გადაეფარება ხოლმე თავის მთავრობას და ცდილობს ის ჭარბი ნდობა, რომელიც მას აქვს საზოგადოებისგან, გადაიტანოს მთავრობაზე და დაიცვას ის", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, დეპუტატის განცხადებით, შესაძლოა ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით ბანკს რაღაც წვლილი მიუძღოდეს, "მაგრამ ფაქტია, რომ პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე არის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე".
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ქვეყანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის "უმოქმედობამ" მიიყვანა. როგორც ივანიშვილი ლარის კრიზისთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში განმარტავს, "ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი "ექსპერტები".