სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაკავებულია პოლიტიკური განცხადებებით, ამიტომ ის არის პასუხისმგებელი არსებულ რეალობაზე.
ცისკარიშვილის განცხადებით, გიორგი ქადაგიძის მიდგომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სუბიექტური იყო. მისი თქმით, ქადაგიძის გამოსვლები პოლიტიკური წყენის ნიშნებს შეიცავდა.
„დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ეროვნული ბანკის ბრალი ეს არ არის. ის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიდგომა სუბიექტური იყო, ეჭვი არ მეპარება. მისი გამოსვლები, მისი რეპლიკები მთავრობის მიმართ უფრო პოლიტიკური წყენის ელფერს იძენდა. რა თქმა უნდა, ეს ჩანდა შეუიარაღებელი თვალითაც. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ინტერესები ბატონ პრეზიდენტს ჰქონდეს შემორჩენილი მას შემდეგ, რაც 2012 წელს აღმოაჩინა, რომ „საქართველოს ბანკიდან“ „ქართუ“ ბანკმა გაიტანა შავი ფული 3 მილიონი დოლარის ოდენობით, თუმცა როგორ მოხდა შავი ფული „საქართველოს ბანკში“, ამაზე პასუხი არ ჰქონდა. როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფერს ვერ არჩევს და პოლიტიკური განცხადებებით არის დაკავებული, რატომაც არა, რომ ის იყოს ერთ-ერთი კომპონენტი, რომ იყოს პასუხისმგებელი არსებულ რეალობაზე“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.