შაბათს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

შაბათს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

შაბათს, 28 თებერვალს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ხვალ კი, ჩატარდება პარლამენტის ბიუროს სხდომა, სადაც რიგგარეშე სხდომის ჩატარების დრო დაზუსტდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა განუცხადა, რომელიც უმრავლესობის სხვა წევრებთან ერთად პარლამენტის პირველ ვიცესპიკერთან, მანანა კობახიძესთან გამართულ კონსულტაციებში მონაწილეობდა.

ხიდაშელის შეფასებით, შაბათის რიგგარეშე სხდომა აბსურდი და ცირკი იქნება, მაგრამ მისივე თქმით, სხდომა გაიმართება, რადგან პატივს სცემენ კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნას.

"რიგგარეშე სხდომის გამართვის საკითხი გადაწყვეტილების მიღებას არ ექვემდებარება, რადგან ჩვენ კონსტიტუცია პირდაპირ გვავალდებულებს, რომ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში უნდა შეიკრიბოს. ხვალისთვის შეკრება ძალიან რთული იქნება, ამიტომ გადაწყდა, რომ სხდომა შაბათს ჩატარდება", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კითხვაზე, აღნიშნულ სხდომაზე მიწვეული იქნებიან თუ არა მთავრობის წარმომადგენლები, როგორც ეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოითხოვა, ხიდაშელმა განმარტა, რომ მათ წერილობით მოთხოვნაში არის მხოლოდ ერთი საკითხი – შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის და ლარის კრიზისის განხილვა. ხიდაშელის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" წერილობით მოთხოვნაში მთავრობის მოწვევის საკითხს არ სვამს, ხოლო კანონის თანახმად, რიგგარეშე სხდომა წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით უნდა იყოს მოწვეული.