დონალდ ტუსკი:   საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა

დონალდ ტუსკი: საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა. ეს არ არის კომპლიმენტი, ეს ფაქტია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დონალდ ტუსკიმ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებაზე ისაუბრა, საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანა უწოდა და ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით ქვეყნის პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

"საქართველო აღმოსავლეთ პარრტნიორობის მოწინავე ქვეყანაა. ეს არ არის კომპლიმენტი, ეს ფაქტია. ვიზის ლიბერალიზაციის მხრივ, ჩვენ ველოდებით შედეგს, დადებით რეკომენდაციებს და იმედი მაქვს, ჩვენი შემდეგი შეხვედრა რიგაში, ამ მიმართულებით წარმატებული იქნება", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო რეჟიმთან ე.წ შეთანხმების გაფორმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მტკიცედ განაგრძობს არაღიარების პოლიტიკას.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.