თავს ვალდებულად არ ვთვლი, პარლამენტის იმ სხდომაზე მივიდე, რომლის დღის წესრიგსაც არ ვიზიარებ

თავს ვალდებულად არ ვთვლი, პარლამენტის იმ სხდომაზე მივიდე, რომლის დღის წესრიგსაც არ ვიზიარებ

თავს ვალდებულად არ ვთვლი მივიდე პარლამენტის იმ სხდომაზე, რომლის დღის წესრიგსაც არ ვიზიარებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

როგორც ფოფხაძე განმარტავს, პარლამენტის წევრთა 1/4 შეიძლება იყო რიგგარეშე სხდომის ინიციატორი, მაგრამ მისივე თქმით, თუკი სხდომაზე სულ მცირე 76 დეპუტატი არ შეიკრიბება, სხდომა ვერ ჩატარდება.

"პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა პარლამენტის და პარლამენტის წევრთა უფლებაა. მათ შეუძლიათ ასეთ სხდომაზე შეიკრიბონ ან არ შეიკრიბონ. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ რამდენად სწორად მიგვაჩნია რიგგარეშე სხდომის მოწვევა და სხდომის იმ დღის წესრიგით ჩატარება, რასაც უმცირესობა გვთავაზობს. რიგგარეშე სხდომის ინიციატორი შეიძლება იყოს პარლამენტის წევრთა 1/4, მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი სხდომა შედგეს ამის პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს პარლამენტის 76 წევრს. თავს ვალდებულად არ ვთვლი, მივიდე პარლამენტის იმ სხდომაზე, რომლის დღის წესრიგსაც არ ვიზიარებ. შესაბამისად თუკი 76 დეპუტატი არ შეიკრიბება ასეთი სხდომა არ ჩატარდება", - განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძის აზრით, უმრავლესობის რიგგარეშე სხდომაზე არმისვლით და სხდომის გახსნისთვის კვორუმის პრობლემის შექმნით პარლამენტის რეგლამენტი არ დაირღვევა. დეპუტატი ამბობს, რომ რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობის არმიღებისთვის რაიმე სანქცია პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის.

გიორგი მარგველაშვილს რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნით საპარლამენტო უმცირესობამ მიმართა. მათ შესაბამისი მოთხოვნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას სამშაბათს წარუდგინეს.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში გამოიცემა. პრეზიდენტის მიერ აქტის არგამოცემის შემთხვევაში, პარლამენტი მომდევნო 48 საათის განმავლობაში იკრიბება.