ლინას ლინკევიჩიუსი:    მაკვირვებს რუსეთის ცინიზმის მასშტაბი

ლინას ლინკევიჩიუსი: მაკვირვებს რუსეთის ცინიზმის მასშტაბი

დროა, გამოვფხიზლდეთ და მოვლენებს საღად შევხედოთ, - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის საკითხზე კომენტირებისას "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში დასავლელი კოლეგების მისამართით აცხადებს.

ლიტვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ყველა შეეჩვია მშვიდ ცხოვრებას და არავის სურს თავის ატკიება, რის გამოც სტაბილურობის სურვილი საღდება, როგორც რეალობა.

"მაკვირვებს, მათი (რუსეთის) ცინიზმის მასშტაბი. ერთ შეხედვით, ყველაფერი, რასაც რუსები ამბობებ, სწორია. მაგალითად, მათი განცხადება სახელმწიფოთა სუვერენული უფლების შესახებ, გააკეთონ ესა თუ ის არჩევანი; მათი განცხადება სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ; მათი განცხადება პროპაგანდისტული საინფორმაციო ომის მავნებლობის შესახებ. ყველა განცხადება სწორია, ოღონდაც რუსეთი თავისი მოქმედებით ყველაფერს თავდაყირა აყენებს. მაკვირვებს არა ის, რომ ეს ხდება, არამედ ის, რომ ჩვენ ამ ყველაფერს თითქოს შევეჩვიეთ. დროა, გამოვფხიზლდეთ და მოვლენებს საღად შევხედოთ... ყველა შეეჩვია მშვიდ ცხოვრებას. არავის სურს თავის ატკიება. სურთ, იყოს სტაბილურობა. სტაბილურობის სურვილი იმდენად უსაზღვროა, რომ ხშირად ის საღდება, როგორც რეალობა. არადა, რეალობა სხვაა. ის თვალებში გვეჩხირება და გვაიძულებს, ვიმოქმედოთ. თუ სიმართლეს ბოლომდე არ ვიტყვით და მოვლენებს თავის სახელს არ დავარქმევთ, შეგვიძლია, თავი მოვიტყუოთ და ბევრი არაფერი ვაკეთოთ. ბევრ საკითხზე თვალებს ვხუჭავთ და გვგონია, რომ არაფერი საშიში არ ხდება. ავიღოთ თუნდაც (რუსული) პროპაგანდისტული მანქანა. ზოგს მიაჩნია, რომ პროპაგანდაც სიტყვის თავისუფლების ნაწილია, რომ პროპაგანდა მედიის უფლებაა, მაგრამ როდესაც სიცრუეს დღეში 15-ჯერ იმეორებ და სიცრუე ადამიანების ტვინში ილექება, ადამიანები სიცრუეში იწყებენ ცხოვრებას. მე ვფიქრობ, რომ ამას არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და პრესის თავისუფლებასთან. ესაა რაღაც სხვა, რაზეც ჩვენ სათანადოდ არ ვრეაგირებთ", - აცხადებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლინას ლინკევიჩიუსის თქმით, დღეს მსოფლიო არა "ჩვეულებრივი საფრთხეების", არამედ "ჰიბრიდული საფრთხეების" წინაშეა, რაც ადრე არ ყოფილა.

"თანამედროვე ეპოქაში მარტო ჩვეულებრივ საფრთხეებზე აღარ ვსაუბრობთ, საფრთხეებზე, რომელსაც ცივი ომის პერიოდში მივეჩვიეთ. დღეს საუბარია ჰიბრიდულ საფრთხეებზე, რაც ადრე არ ყოფილა. მაგალითად "მწვანე ადამიანები", ან თეთრი სატვირთო მანქანები, რომელთაც თითქოს ჰუმანიტარული ტვირთი გადააქვთ, სინამდვილეში კი ამბოხებულებს რაღაცებით ამარაგებენ. ეს აღარაა ჩვეულებრივი საფრთხე. გავიხსენოთ ენერგეტიკა, როგორც ზეწოლის, მათ შორის, პოლიტიკური ზეწოლის იარაღი და რა თქმა უნდა, საინფორმაციო ომი. ადრე ამგვარი საფრთხეები არ არსებობდა, რას იმას ნიშნავს, რომ სახელმძღვანელოები უნდა ჩავასწოროთ, სტრატეგია შევცვალოთ, ახალ დროებას ავუწყოთ ფეხი და არ ჩამოვრჩეთ მას. ეს კი ყოველთვის არ ხერხდება", - აღნიშნავს ლინას ლინკევიჩიუსი.

რაც შეეხება იმას, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ "პუტინი თავს დაესხას ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს", ლიტვის მთავარ დიპლომატს არ ჰგონია, რომ პირდაპირი აგრესია განხორციელდეს, მაგრამ, მისი აზრით, "ირიბად შესაძლებელია რაიმე კონფლიქტის პროვოცირება, ვთქვათ ეროვნულ ნიადაგზე, ან სხვა რაიმე მიზეზით".